თაკო ჩარკვიანი - დროა, ერთობით ვიმოქმედოთ, კონკრეტულ პარტიებს გვაქვს კონსულტაციები, ალბათ სულ მალე დავასახელებთ, რა და როგორ იქნება
თაკო ჩარკვიანი - დროა, ერთობით ვიმოქმედოთ, კონკრეტულ პარტიებს გვაქვს კონსულტაციები, ალბათ სულ მალე დავასახელებთ, რა და როგორ იქნება

დროა, ერთობით ვიმოქმედოთ. კონკრეტულ პარტიებს გვაქვს კონსულტაციები და ალბათ სულ მალე დავასახელებთ, რა და როგორ იქნება, – ამის შესახებ  „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა გაჯიბრების დრო არ არის.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, ვსაუბრობთ ამის გარშემო. ოპოზიციიდან ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ საჭიროა დიდი საპროტესტო აქცია, მხოლოდ გავიღიმებდი. ახლა არ გამოვა იმის თქმა, ამასთან არ დავჯდები, იმასთან არ დავჯდები. დასავლურ ვექტორს ვგულისხმობ მხოლოდ. დროა, ერთობით ვიმოქმედოთ, უნდა გავერთიანდეთ. იმის დროც არაა, პოლიტიკოსი იქ არ მინდა და ასე შემდეგ. პოლიტიკა პოლიტიკოსის გარეშე არ ხდება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, ამიტომ ახლა ყველამ ერთად, პოლიტიკოსებიანად უნდა გავაკეთოთ საქმე. ჩემი აზრით, მესიჯი უნდა იყოს ერთადერთი: არა რუსულ გზას, არა რუსულ მთავრობას. არავინ არ მოგატყუოთ, რომ როდესაც რადიკალიზმზეა საუბარი, რადიკალური არასდროს არაა ის, ვინც ითხოვს კონსტიტუციის შესრულებას და დაცვას. სახელმწიფოს ვინც იცავს კონსტიტუციის მიხედვით, ის რადიკალი არ არის. რადიკალი არის ხელისუფლება, რომელიც ხალხს თავზე ახევს კონსტიტუციას. ვინმეს პოლიტიკური განათლების პრობლემა თუ აქვს, ეს მათი საქმეა. კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა ერთი დიდი აქცია ჩამოვკიდოთ საკიდზე, მსოფლიოს კვლავ დავანახოთ ანტირუსული განწყობა საქართველოში. ვთავაზობ დასავლურ ვექტორს, დავსხდეთ ერთად, ახლა არ არის გაჯიბრების დრო, მაინც ვერ გაეჯიბრებით. კი არავის ვეჯინიანები, აგერ ვდგავარ პატარა ზომის პარტია და ვამბობ, რომ უკვე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან ჯიბრის დრო არ არის. ის პარტია დასავლურობისთვის იბრძვის, ამიტომ ახლა ერთად დგომის დროა. კონკრეტული პარტიები ვკონსულტაციობთ და ალბათ სულ მალე დავასახელებთ, რა და როგორ იქნება. გაერთიანებაში ვხედავ ყველას, მთლიანად საქართველოს, რათა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა: „სტრატეგია აღმაშენებელს“, მე,  „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად გვაქვს საუბარი, კონსულტაციები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს. მისივე თქმით, რა მოთხოვნებს დააყენებენ აქციაზე, ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

„ალბათ დათანხმდებიან „ძალა ერთობის“ გეგმას. მოთხოვნებზე საუბარი ჯერ არ მინდა, ოპოზიცია ჯერ იმაზე ვერ ჩამოყალიბებულა, ერთად უნდა დადგნენ თუ არა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.