ტაივანში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 225 ადამიანია დაშავებული, 145 კი დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ათას სამასი სპეციალისტი მონაწილეობს. მიწისძვრამ რამდენიმე დიდი შენობა და ავტომაგისტრალი დააზიანა. 40 ათასზე მეტ ოჯახს შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება. მიწისძვრამ ერთ-ერთი სასტუმროს ოთხი სართული დააზიანა, რის გამოც შენობა 45 გრადუსით გადაიხარა.
ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სასტუმროს შენობაში. მაშველები სასტუმროს კედლების გამაგრებას ცდილობენ, რათა შენობის სრული ჩამონგრევა თავიდან იქნას აცილებული. სასტუმროდან უკვე გამოიყვანეს 120 ადამიანი.
6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანის სანაპირო ხუალიანის პროვინციაში ადგილობრივი დროით 23.50 წუთზე მოხდა.