ტაივანის პრეზიდენტი - ჩინეთის კომუნისტურ პარტიას თუ მართლაც სჯერა, რომ მას აქვს ტერიტორიული პრეტენზია ტაივანთან, მაშინ ის ასევე უნდა შეეცადოს, დაიბრუნოს მიწები რუსეთისგან
ტაივანის პრეზიდენტის თქმით, თუ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მართლაც სჯერა, რომ მას აქვს ტერიტორიული პრეტენზია ტაივანთან, მაშინ ის ასევე უნდა შეეცადოს, დაიბრუნოს მიწები რუსეთისგან.
ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში უილიამ ლაიმ განაცხადა, რომ პეკინს განსხვავებული მიდგომა აქვს ორი ერთნაირი ისტორიული საკითხისადმი, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება.
ცნობისთვის, პეკინში აცხადებენ, რომ ტაივანი უძველესი დროიდან იყო ჩინეთის ნაწილი და ეს ტერიტორია 1839-1949 წლებში იაპონიამ მიითვისა.
თუმცა, ტაივანის პრეზიდენტი ინტერვიუში მიუთითებს, რომ ამავე პერიოდში ჩინეთს ტერიტორიები რუსეთმაც წაართვა, თუმცა პეკინი ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს.
„თუ პეკინი ცდილობს, ტაივანი დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაშინ რატომ არ ცდილობს ჩინეთი, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწები. რუსეთი ახლა ხომ დასუსტებულია?“ – განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა.
ტაივანის პრეზიდენტის მოსაზრებით, ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და არა – ტერიტორიული. მისი თქმით, ტაივანის გაკონტროლების შემთხვევაში, ჩინეთის კომუნისტური პარტია მოიპოვებს წვდომას სტრატეგიულ გასასვლელზე და გაამყარებს კონტროლს ტაივანის სრუტეზე.