„თაიმსი“ - უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რამდენიმე თვეში ატომური ბომბის შექმნა შეუძლია, თუ დონალდ ტრამპი სამხედრო დახმარებაზე უარს იტყვის
„თაიმსი“ - უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რამდენიმე თვეში ატომური ბომბის შექმნა შეუძლია, თუ დონალდ ტრამპი სამხედრო დახმარებაზე უარს იტყვის

უკრაინას რამდენიმე თვეში შეუძლია ატომური ბომბის შექმნა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყვის აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის მომზადებულ საინფორმაციო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

„ქვეყანა სწრაფად შეძლებს პლუტონიუმისგან ააშენოს საბაზისო მოწყობილობა 1945 წელს ნაგასაკიზე ჩამოგდებული „მსუქანი კაცის“ მსგავსი ტექნოლოგიით. მარტივი ატომური ბომბის შექმნა, როგორც ეს გააკეთა შეერთებულმა შტატებმა მანჰეტენის პროექტის ფარგლებში, 80 წლის შემდეგ არ იქნება რთული ამოცანა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„თაიმსის“ თანახმად, ურანის გამდიდრებისთვის საჭირო დიდი ობიექტების აშენებისა და ექსპლუატაციის დროის არქონის გამო უკრაინა ომის დროს უნდა დაეყრდნოს პლუტონიუმის გამოყენებას, რომელიც მოპოვებული იქნება უკრაინის ბირთვული რეაქტორების ნამუშევარი საწვავის მილებიდან. მოხსენების თანახმად, უკრაინა კვლავ აკონტროლებს ცხრა მოქმედ რეაქტორს და აქვს მნიშვნელოვანი ბირთვული გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს დათმო მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი.

„უკრაინისთვის ხელმისაწვდომი რეაქტორის პლუტონიუმის წონა შეიძლება შეფასდეს შვიდ ტონად. გაცილებით ნაკლები მასალა იქნებოდა საჭირო ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი არსენალის შესაქმნელად. მასალის რაოდენობა საკმარისია რამდენიმეკილოტონიანი ტაქტიკური ასობით ქობინისთვის. ასეთი ბომბი იქნება „მსუქანი კაცის“ სიმძლავრის დაახლოებით მეათედი. ეს საკმარისი იქნებოდა მთელი რუსული საჰაერო ბაზის ან კონცენტრირებული სამხედროების, სამრეწველო თუ ლოგისტიკური ობიექტების გასანადგურებლად. ბირთვული მუხტის ზუსტი სიმძლავრე არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან გამოყენებული იქნებოდა პლუტონიუმის სხვადასხვა იზოტოპები“, – განაცხადა მოხსენების ავტორმა, ალექსეი იჟაკმა.

იჟაკი უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელია. ეს სახელმწიფო კვლევითი ცენტრია, რომელიც მოქმედებს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო.