„თაიმსი“- საპრეზიდნეტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 3%-მდე გაზარდონ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ.
ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალის წყაროს ცნობით, თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ტრამპს ახალი მიზანი აქვს, რაზეც გავლენა აპრილში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრამ მოახდინა.
„ტრამპი ფიქრობს ხარჯების 3%-მდე გაზრდას, რაც არ ითვალისწინებს თანხებს უკრაინისთვის“, – წერს „თაიმსი“ ტრამპთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.
დღესდღეობით თავდაცვაზე მშპ-ის 3%-ზე მეტს ნატო-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავს – აშშ, პოლონეთი და საბერძნეთი.
პოლონეთის პრეზიდენტმა არაერთხელ წამოჭრა იდეა, რომ ნატო-ს თავდაცვის ხარჯების მინიმალური ბარიერი უნდა გაიზარდოს და, როგორც გამოცემა წერს, ამ მოწოდებას ივლისში ვაშინგტონში ალიანსის სამიტზეც გააჟღერებს.