„თაიმს ჰაიერ ედუქეიშენი“ - ქართველი მილიარდერის მხარდაჭერილ უნივერსიტეტს დიდი ამბიციები აქვს
„ქართველი მილიარდერის მხარდაჭერილ უნივერსიტეტს დიდი ამბიციები აქვს“, – ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა, „თაიმს ჰაიერ ედუქეიშენი“ აქვეყნებს, რომლიც უმაღლესი განათლების საკითხებს აშუქებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში მდებარე ახალ უნივერსიტეტზე დიდ იმედებს ამყარებენ.
„ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი ერთ მილიარდზე მეტი ევროს ოდენობით დონაცია, როგორც აკადემიურ წრეებს, ისე მედიას თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაარსებული „ქართუ ფონდის“ შეწირულობა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად ახლებური სამეცნიერო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნას, 2019 წლის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის გაღებულ ყველაზე მსხვილ კერძო შეწირულობას წარმოადგენდა, მას შემდეგ რაც მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი გამოყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად“, – წერს სტატიის ავტორი ჯეკ გროვი.
მისივე თქმით, „უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით ზარ-ზეიმის ნაკლებობა“, ახალი, ნაწილობრივ კამპუსის ნაკლებად ცნობილი მდებარეობით აიხსნება.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენდება საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქისა და ისტორიული ცენტრის – ქუთაისის განაპირას, რომელიც შავი ზღვიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის სიღრმეში. მიუხედავად ყველაფრისა, ახალ კამპუსზე გაწეული ხარჯები შთამბეჭდავია. ახალმა უნივერსიტეტმა, რომლის მშენებლობა 2016 წელს გამოცხადდა, პირველ სტუდენტები სექტემბერში უნდა მიიღოს. უნივერსიტეტში იმედი აქვთ, რომ 2024-25 წლებისთვის უნივერსიტეტში 15 000 სტუდენტი ისწავლის, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაკადი უფრო მცირეა, ნაწილობრივ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით არსებული მკაცრი მოთხოვნების გამო – სწავლება მხოლოდ ინგლისურად წარიმართება“, – წერს „თაიმს ჰაიერ ედუქეიშენი“.
„მსგავსი პრეცედენტი საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ გვყავდა დაახლოებით 1 200 სწავლის მსურველი, თუმცა გამოცდები მხოლოდ 250-მა გაიარა. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და გვაქვს იმედი, რომ ასეც გაგრძელდება“, – ამბობს ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაგდა მაღრაძე.
„ქუთაისი ტექნიკური უნივერსიტეტის კონცენტრირება ხარისხზე ასევე აისახა აკადემიური პარტნიორის შერჩევაშიც. საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკასა და მენეჯმენტშია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიმუშავეს, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. ამ თვეში ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორთა დასს რვა გერმანელი პროფესორი შეუერთდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
„ჩვენ გვიყვარს ქართული ენა – ჩემი აზრით, საუკეთესო ენა მსოფლიოში, მაგრამ თუ გინდა თანამშრომლობა საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებთან, ინგლისურად მოგიწევს მუშაობა“, – ამბობს მაგდა მაღრაძე.
მისივე თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტი პირველად საქართველოში უზრუნველყოფს სტუდენტებს სრულფასოვანი კამპუსით, რაც წვლილს შეიტანს უცხოელი სტუდენტების მოზიდვაში.
„უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 40 მილიონი ევროს ღირებულების კიბოს სამკურნალო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს პროტონის მკურნალობას. ამ ცენტრის მიზანია საქართველოში კიბოს მაღალ მაჩვენებლებთან ბრძოლა, რომლებსაც ზოგიერთი 1986 წელს ჩერნობილში მომხდარ ბირთვულ კატასტროფას უკავშრებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ახალი უნივერსიტეტის წყალობით, „ჩვენ გვეყოლება მსოფლიოში მოწინავე საგანმანათლებლო რესურსები. ისინი შექმნიან ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ჩვენ გვჭირდება როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში კონკურენციის გასაწევად და წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა ივანიშვილმა სექტემბერში, – ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ადგილს მსოფლიო რუკაზე“. – ნათქვამია სტატიაში.