ტაიმაუტი | ილიას ზუროსი - გუნდის თითოეულ წევრს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ახალ დარბაზში #1TVSPORT
ტაიმაუტი | ილიას ზუროსი - გუნდის თითოეულ წევრს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ახალ დარბაზში #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ევრობასკეტზე სათამაშოდ ემზადება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალი ტურნირების შესახებ გადაცემა „ტაიმაუტთან“ ისაუბრა.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები

პირველ რიგში, მადლობა, რომ აქ ხართ. ვიტყვი, რომ გასულ წლებში, რაც საქართველოში ვარ, ფედერაციამ ძალიან კარგად და ბევრი იმუშავა. გვახარებს, რომ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, დიდ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს, თანაც ახალ დარბაზში. ეს ჩვენთვის ყველასთვის დიდი ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, ცალკე გამოწვევაა საშინაო კედლებში, ქართველი გულშემატკივრების წინაშე თამაში. ერთი სული გვაქვს როდის ვიასპარეზებთ თბილისში, ქართველი გულშემატკივრებისთვის და ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს – აქამდე კარგად მოვედით. წინა ფანჯარაში სამი მატჩი მოვიგეთ და წავაგეთ მხოლოდ სტუმრად, ესპანეთთან. ახლა ორი სტუმრად გასამართი მატჩი დაგვრჩა უკრაინასთან და ერთიც შინ, ესპანეთის წინააღმდეგ. ვეცდებით კვალიფიკაციის პირველი წრე დადებითი შედეგით დავასრულოთ. მოგეხსენებათ, რომ არსებული შედეგებით მომდევნო წრეში უკვე გასულები ვართ და საფრთხე აღარ გვემუქრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი გამარჯვება დავაგროვოთ, რადგან ქულები მომდევნო ეტაპზეც გადაგვყვება, რომელსაც ივლისში, ევრობასკეტის დაწყებამდე ვითამაშებთ. შეკრება 17 ივნისს დაიწყება, არ ვიცით რამდენი მოთამაშე გვეყოლება, რადგან, როგორც ცნობილია, ამერიკაში მყოფ მოთამაშეებთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს პრობლემები –  კალათბურთელებს სეზონის შემდეგ მხოლოდ 28 დღიანი დასვენება აქვთ. ფიბა და ნბა ამ საკითხის მოგვარებას აქტიურად ცდილობენ – მიდის საუბრები ამ ვადის გაგრძელებაზეც. თუ ეს გამოვიდა ძალიან კარგი იქნება, რადგან სრული შემადგენლობით მზადებისთვის მეტი დრო დაგვრჩება.

როგორი მდგომარეობაა ბითაძესთან, მამუკელაშვილთან და ანდრონიკაშვილთან დაკავშირებით?

დადებითია, რომ ამ მოთამაშეებს ძალიან სურთ ნაკრებში თამაში და ამას ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ. დღეს შევხვდი გოგა ბითაძეს, მოგვიანებით სანდრო მამუკელაშვილს და რატი ანდრონიკაშვილსაც შევხვდები. ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს – უმთავრესია, რომ ევრობასკეტისთვის ყველა ჩვენი მოთამაშე გუნდთან ერთად იყოს და ცხადია, კარგი იქნება, თუკი ისინი ნაკრებს საკვალიფიკაციო მატჩებშიც დაეხმარებიან. რთული საკითხია – ეს არ არის მხოლოდ გოგას და სანდროს სიტუაცია, იგივე ვრცელდება ანდრონიკაშვილზეც, რომელსაც შესაძლოა კოლეჯში პრობლემები შეექმნას. ჩვენ კი გვსურს, რომ ქართველი კალათბურთელები ნაკრებთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და გუნდს საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაეხმარებიან.

რა ხდება ლეგიონერებთან დაკავშირებით? ვიცით, რომ გვყავს ფრენკამპი და მაკფადენი – ხომ არ ვგეგმავთ ვინმეს დამატებას?

პირველ რიგში – ფრენკამპი ჩვენთან ერთად არ იქნება, ეს უკვე ნათელია. რაც შეეხება მაკფადენს – ეს კალათბურთელია, რომელმაც ჩვენთან ერთად უკვე დიდი დრო გაატარა და არაერთხელ დაგვხმარებია სასურველი შედეგის მიღწევაში. ტადი ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის გულით და მონდომებით ასპარეზობს. იგი ძალიან კარგად თამაშობს, უყვარს თანაგუნდელები და თანაგუნდელებსაც უყვართ ის. მაკფადენი მუდამ ჩვენთან ერთადაა და ეს მომავალშიც ასე იქნება.

ფრენკამპმა კი ტრავმა მიიღო, შემდეგ დაგვიბრუნდა, მაგრამ ოპტიმალური ფორმიდან შორს იყო, არ თამაშობს კლუბში და ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი განაპირობებს ჩვენს სწორ გადაწყვეტილებას – გუნდთან ერთად მხოლოდ მაკფადენი იქნება.

როგორ მიდის გიორგი ცინცაძის გამოჯანმრთელების პროცესი? ვიცით, რომ მან ტრავმა გასულ ოქტომბერში მიიღო, როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი?

ცინცაძესთან დაკავშირებით ჩვენთვის და პირადად ჩემთვის განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნა. მას შესანიშნავი საკალათბურთო ინტელექტი აქვს. არის მოთამაშე, რომელსაც კალათბურთი ჩინებულად ესმის. ტრავმების გამო გასულ წელს მისი სრული პოტენციალი ვერ ვიხილეთ, მაგრამ მეორეს მხრივ მას აქვს ძლიერი სურვილი დაბრუნდეს და ითამაშოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ, ის იმსახურებს ნაკრებში თამაშს. იმედი მაქვს, რომ გიორგი ჯანმრთელი იქნება და მუხლს საბოლოოდ მოირჩენს. ცინცაძე ამისთვის ბევრს შრომობდა მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში. გაგვახარებს, თუკი მომდევნო მატჩებში და ევრობასკეტზე ის ნაკრების დახმარებას შეძლებს. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად დროის უმნიშვნელოვანესი და ვრცელი მონაკვეთი გაატარა და გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ცინცაძესთვის ძალიან კარგი იქნება თბილისში, ქართველი გულშემატკივრების წინაშე თამაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოახერხებს.

მოსამზადებელ ეტაპზე ნაკრები კვლავ ითამაშებს „აკროპოლისის თასზე“, სადაც საბერძნეთს და პოლონეთს დავუპირისპირდებით. ხომ არ გვექნება დამატებითი მოსამზადებელი მატჩები?

ახლა ვამზადებთ განრიგს და გვექნება გარკვეული მატჩები. „აკროპოლისის თასი“ არ არის მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელზეც შედეგს დიდ წონას მივანიჭებთ. ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ მოვიგეთ ეს გათამაშება. შემდეგ კი, სამწუხაროდ, ევრობასკეტზე ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა დავთმეთ და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოვიპოვეთ. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, მირჩევნია ყველა ამხანაგური მატჩი დავთმოთ, გვქონდეს ნული გამარჯვება და სამაგიეროდ გერმანიაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ. ამხანაგური თამაშების მთავარი მიზანი გუნდურობის განვითარება, საკუთარი სისუსტეების მონახვა, გამოსწორება და მთავარი ტურნირისთვის სრული მზადყოფნაა. ამხანაგური თამაშების, თუ ტურნირების მოგება მთავარ გათამაშებამდე არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით ჩემთვის. მირჩევნია, წავაგოთ მატჩები, გავარკვიოთ რა პრობლემები გვაქვს და შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ გადავჭრით მათ.

რას ნიშნავს კალათბურთელებისთვის და ნაკრებისთვის საშინაო არენაზე თამაში?

გუნდის თითოეულ წევრს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ახალ დარბაზში. ველით მომენტს, როდესაც შევალთ, დავინახავთ ქართველ გულშემატკივრებს და მათ წინაში ვიასპარეზებთ. გულშემატკივრები ყოველი საშინაო მატჩისას ძალიან გვეხმარებიან. დარბაზში ტემპერატურა მაღალია და ვიტყოდი, რომ ჩემი აქ ჰყოფნის 5-6 წლის მანძილზე უამრავი შეხვედრა მოგვიგია სწორედ გულშემატკივრების გულითადი მხარდაჭერის წყალობით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცუდად ვთამაშობდით და ფანებისგან მიღებულ ენერგიას შეუცვლია მატჩის მიმდინარეობა. ისინი გვაძლევენ შანსს და გვიბიძგებენ, რომ ვიბრძოლოთ იმ შეხვედრებშიც, სადაც ცუდად გამოვიყურებით და მეტოქეს ანგარიშში ჩამოვრჩებით. სულმოუთქმელად ველით ამ მომენტს. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ფედერაციის და ქვეყნის მთავრობის მიმართ. მათ მიმართ, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებაში წვლილი შეიტანა. ყველა საუბრობს ევრობასკეტზე, როგორც ისტორიულ მომენტზე და ეს მართლაც ასეა, თუმცა საბერძნეთშიც იყო მსგავსი დრო, როდესაც მათ კარგი შედეგები დააფიქსირეს და მოიგეს კიდეც ტურნირი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ამან ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას ბიძგი მისცეს და სპორტის ამ სახეობაში მეტი ისეთი ახალგაზრდა ჩაერთოს, რომელსაც უყვარს თამაში. საჭიროა მეტი საკალათბურთო დარბაზი და უნდა დავეხმაროთ ამ სპორტს, რომ საქართველოში მეტად შეიყვარონ. ეს არის მთავარი ამოცანა. შედეგები მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება და სწორედ ამისთვის ვშრომობთ. მჯერა, რომ საქართველოს მაღალი დონის კალათბურთის თამაში შეუძლია. ყველა ქართველი მებრძოლია, არასდროს ნებდება და მოედანზე ყველაფერს ტოვებს. თუ ამას საკალათბურთო უნარებთან გავაერთიანებთ, მჯერა რომ გვეყოლება კარგი კლუბები, კარგი ეროვნული გუნდი, კარგი მოთამაშეები და ქვეყანას ყოველივე ამის შანსი ევრობასკეტზე კარგი თამაშით უნდა მივცეთ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო თბილისში რუსეთის ნაკრების ნაცვლად მონტენეგროს ნაკრები ჩამოვა. რას ცვლის ეს ჩვენთვის?

ვიტყოდი, რომ მონტენეგრო იმ გუნდებში, რომლებმაც თავდაპირველად კვალიფიკაცია ვერ მოიპოვებს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, თუ ყველაზე ძლიერი არა. მათ ხარისხიანი და გამოცდილი კალათბურთელები ჰყავთ. ნიჭიერები არიან, კარგად იციან თამაში, ჰყავთ მაღლებიც და გამთამაშებლებიც. ძალიან რთული მეტოქე იქნება. მეორეს მხრივ, თუკი ტურნირის მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს, თამაშები ასეც და ისეც უნდა მოვიგოთ. უნდა ვიყოთ ჩვენს ოპონენტებზე ძლიერები – პატივისცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არავისი გვეშინია.

უმნიშვნელოვანესი იქნება ბელგიასთან პირველი მატჩიც – ჩვენი ჯგუფის ეს წევრიც საკმაოდ ძლიერია. ამ ნაკრების წევრები ევროპულ კლუბებში თამაშობენ, უკვე წლებია, რაც ერთად არიან და მოედანზე კარგად ფუნქციონირებენ. საწყისი მატჩი მასპინძელისთვის ყოველთვის განსაკუთრებით რთულია – ეს იქნება ტურნირის პირველი თამაში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ასეთ შეხვედრებს ყოველთვის ახლავს ოდნავ მეტი ნერვიულობა. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ეს მატჩი მოვიგოთ და შემდეგ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ.

მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე გასაგები მიზეზების გამო აღარ ითამაშებს რუსეთი, რის გამოც ბოლოადგილოსან მაკედონიასთან მოპოვებული ქულები მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ გადაგვყვება. რამდენად სამართლიანია ეს?

სიმართლე გითხრათ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია. ჩვენ ფიბას წესებს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს ჩვენი ნაკრებისადმი სამართლიანი მიდგომა ნამდვილად არ იყო. არიან გუნდები, რომლებიც პრაქტიკულად მოგების გარეშე იასპარეზებენ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე და ახლაც არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. სხვა გუნდებს კი ჩვენზე მეტი მოგება ექნებათ, რაც უსამართლოა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვინდომოთ, მოვიგოთ მატჩები და წინსვლა განვაგრძოთ. სხვას ვერაფერს ვიზამთ.

როგორ ფორმაში არიან ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის წინ?

დავიწყოთ იმით, რაც უმთავრესია – ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული კალათბურთელის ჯანმრთელობაა. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის კარგ სპორტულ ფორმაში ყოფნა. ჩვენ ვაკვირდებით ახალგაზრდა უკანახაზელებს, რათა შევქმნათ მეტი კონკურენცია გამთამაშებლის პოზიციაზე. სანაძეს ტრავმა ჰქონდა, ახლა მოიშუშა და ტურნირისთვის მზადაა, რაც სასიხარულოა. ველით ცინცაძეს, ველით ანდრონიკაშვილს, მაგრამ ამ პოზიციის უფრო მეტი მოთამაშე გვჭირდება, რათა დატვირთულ ტურნირზე როტაციის საშუალება გვქონდეს. როგორც წესი, გუნდები, რომლებსაც კარგი გამთამაშებლები ჰყავთ, მსგავს ტურნირებზე მეტ წარმატებას აღწევენ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ძალიან ძლიერი მაღლები გვყავს, შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესოც ევროპაში. შენგელია და შერმადინი გამოცდილები არიან და ამას ახალგაზრდა მოთამაშეებსაც გაუზიარებენ, რათა ისინი უფრო ეფექტურები გახდნენ. ვნახოთ, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს და კარგ თამაშზე ვოცნებობთ. ჯერჯერობით გადაწყვეტით ვერ ვამბობ ზუსტად როგორი იქნება ჩვენი გუნდი, რადგან სრული შემადგენლობით ვარჯიშის საშუალება პრაქტიკულად პირველად გვეძლევა, როდესაც ჩვენს კონკურენტებს ამის შანსი ადრეც ჰქოდნათ. დროულად უნდა მოვნახოთ ის გზა, რომლითაც გუნდი ოპტიმალურ თამაშს აჩვენებს.

რას ნიშნავს ქართული კალათბურთისთვის ევრობასკეტის მასპინძლობა?

ეს ძალიან ბევრს მოგვცემს. ასეთი რანგის გათამაშების მასპინძლობა პირველ რიგში ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი – ბევრი ადამიანი ჩამოვა, ტურისტები, რომლებიც საქართველოს, ამ შესანიშნავ ქვეყანას გაიცნობენ, რადგან სამწუხაროდ ბევრმა არაფერი იცის საქართველოს შესახებ. ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას. სტუმრებს ბევრი პოზიტიური მოგონება დარჩებათ –  შესანიშნავი საკვები და ადგილები, ასეთივე ღვინო, კარგი ხალხი. ეს დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის და შესაბამისად ქვეყნის განვითარებაზე.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საკალათბურთო სამყაროს დავანახოთ – ჩვენ დიდი ტურნირების ორგანიზება შეგვიძლია. შთამბეჭდავი იქნება ახალი დარბაზიც, რომელიც ვიტყოდი, რომ რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.

იმედი მაქვს, სტუმრებს მოეწონებათ, რასაც ნახავენ. იქნება სანახაობრივი, კონკურენტული მატჩები და იმედია, ჩვენთვის კარგი შედეგები იქნება, რათა ბიძგი მივცეთ ქართული კალათბურთის განვითარებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კალათბურთელი საქართველოში, უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელსაც თამაში ეყვარება. გვჭირდება მეტი საკალათბურთო დარბაზი. გვჭირდება და გვსურს, რომ კალათბურთი გახდეს ქართველების ერთ-ერთი ფავორიტი სპორტი და ყველამ შეიყვაროს ის. ეს ჩვენი მთავარი მიზანია და იმედი მაქვს, რომ მის მიღწევას შევძლებთ. მადლიერი ვარ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, რომელიც მენდო და ამდენი წელი მომცა ნაკრებთან მუშაობის საშუალება. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ფედერაციის წარმომადგენლები ჩემს ძმებად მიმაჩნია. ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებთ – ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ გარკვეული საკითხების ორგანიზება და შედეგებს მივაღწიეთ. იგორ კოკოშკოვმა საქართველოში ძალიან კარგად იმუშავა და მჯერა, რომ იმ დროიდან ჩვენ პროგრესი განვაგრძეთ. ჩვენც ვცდილობთ განვვითარდეთ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროის იმ პერიოდიდან ბევრი წამყვანი და ძლიერი კალათბურთელი მოგვაკლდა, რადგან მათ კარიერა დაასრულეს.  ახლა ახალ გუნდს ვაშენებთ და საბედნიეროდ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ახალი თაობიდან მოდიან – 14-18 წლის კალათბურთელები. იმედია, რომ მომავალში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით და როგორც ეროვნული გუნდი უმაღლეს დონეზე ვიასპარეზებთ.