საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყველა მწვრთნელი - ისტორია, სტატისტიკა, კომენტარი #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყველა მწვრთნელი - ისტორია, სტატისტიკა, კომენტარი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა დაარსებიდან დღემდე ხუთი მთავარი „ეპოქა“ გამოიარა: 1994-97, 1997-2003, 2003-2007, 2008-2015, 2016-2023. დღეიდან მეექვსე იწყება – „ჯვაროსნებს“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, სერბი ალექსანდრ ჯიკიჩი, რომელიც გუნდს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაუძღვება და პარიზის ოლიმპიადის შესარჩევზეც.

 

1995-1997

საქართველოს ნაკრები 1994 წლის 20 მარტს შეიქმნა. გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი დაინიშნა, ხოლო მთავარ მწვრთნელად…

– ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა, ალეკო ჩხეიძემ, – იხსენებდა ჯამლეტ ხუხაშვილი.

საქართველოს III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი „ვითამ“ „თბილისთან“ 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. „ვითას“ ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო „თბილისს“ – ნოდარ ქორქია.

– მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ, – ამბობს ნოდარ ქორქია.

პირველი იყო ევრობსაკეტი 1997-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ბირმინგემში, 1995 წელს. ინგლისში ჩვენი ნაკრები სამეულში მოხვდა და შესარჩევში თამაშის უფლება მოიპოვა.

თბილისში პირველი ოფიციალური მატჩი ბოსნიასთან იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 77:66 მოიგო, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. არადა, 2011 წლამდე სწორედ პირველ შესარჩევში იყო მიზანთან ყველაზე ახლოს.

ბესიკ ლიპარტელიანი და ნოდარ ქორქია

 

1997-2003

ბესიკ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ევრობასკეტი 1999-ის შესარჩევ ეტაპზე სამი მატჩი გამართა და მწვრთნელთა შტაბიც შეიცვალა. გუნდის თავკაცად დაინიშნა ლევან მოსეშვილი, რომლის დროსაც დაიწყო გაახალგაზრდავების პროცესი. მოგეხსენებათ 90-იანების ბოლოს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ეს გუნდის მომზადებაზეც ისახებოდა. შეკრებას ვინ ჩივის, ნაკრების კალათბურთელები ზოგჯერ გაფრენის წინ გებულობდნენ, რომ შესარჩევ მატჩზე გასამგზავრებელი თანხა გამოინახა და სასწრაფოდ აეროპორტში უნდა გაქცეულიყვნენ.

ლევან მოსეშვილი
ლევან მოსეშვილი

ასეთივე მდგომარეობა იყო ლევან მოსეშვილის შემცვლელის ზურაბ ტომარაძის დროსაც. მაშინდელი რეალობის ნათელ სურათს მისი მონათხრობი გვაძლევს:

„2001 წელს ევრობასკეტის საკვალიფიკაციოზე თბილისში ბულგარეთიც დავამარცხეთ და ბელარუსიც. სტუმრად ბულგარეთთან დავთმეთ, რის შემდეგაც ბელარუსში უნდა გავმგზავრებულიყავით. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფიიდან ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ – გომელში. ბულგარეთის სააგენტოში გვითხრეს, რომ ბელარუსში, რუმინეთის გავლით ვიზის გარეშე შევძლებდით გადასვლას. ბულგარეთის ზღვისპირა საზღვარს მივადექით, მაგრამ მტკიცე უარი გვითხრეს – თურმე ქართველებს რუმინეთთან სავიზო რეჟიმი სწორედ წინა დღისით შემოუღიათ. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩვენმა ექიმმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში დარეკა – ქართველი გენერალი გაწუხებთ, სასწრაფოდ გემი გვჭირდებაო. უკრაინელებმა ყურადღება გამოიჩინეს და სპეციალურად ჩვენთვის ხომალდი გამოგზავნეს. „კომეტით“ უკრაინის პატარა პორტში ღამის 4 საათზე ჩავედით, საიდანაც ტაქსებით ოდესამდე მივაღწიეთ. კიევამდე მიკროავტობუსები გამოვიყენეთ, უკრაინის დედაქალაქიდან გომელამდე – ავტობუსი. მოკლედ, ცხენის გარდა, ტრანსპორტის ყველა სახეობა მოვსინჯეთ. იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ სპორტსმენები… დიდი მონდომების მიუხედავად, ბელარუსთან ძალა აღარ გვეყო და დავმარცხდით“.

ზურაბ ტომარაძე
ზურაბ ტომარაძე

 

2003-2007

2003 წლიდან საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერა დაიწყო – გუნდში გამოჩნდნენ ამერიკელი ლეგიონერები და უცხოელი მწვრთნელები.

თუ მანამდე ნაკრებს არათუ შეკრებებზე, ოფიციალურ მატჩებზე გასამგზავრებელი ფულიც არ ჰქონდა, 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად გამოუჩნდა სახსრები საზღვარგარეთული შეკრებებისთვის, ლეგიონერების მოსაწვევად და უცხოელი მწვრთნელებისთვის. ამხანაგურად უკვე იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს ეთამაშებოდა, მაგრამ ოფიციალურად ელიტისგან შორს იყო – ლუქსემბურგი, ისლანდია, ირლანდია…

2004 წელს გუნდს გაუძღვა ხორვატი დრაჟენ ბრაიკოვიჩი, რომელთანაც კალათბურთის ფედერაციამ ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი. ბრაიკოვიჩმა მხოლოდ ერთი წელი უხელმძღვანელა ნაკრებს, სამიდან ორი მატჩი მოიგო.

დრაჟენ ბრაიკოვიჩი კანადელმა სპეციალისტმა გორდონ ჰერბერტმა შეცვალა (2005-06). რა დონის სპეციალისტია ჰერბერტი, ბოლო შედეგებიც მეტყველებს – გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა. მას „სკაილაინერსთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი ახალი მოგებული ჰქონდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. ჰერბერტის ძალისხმევით ეროვნულ გუნდში ტაირონ ელისი გამოჩნდა – ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი, რომელსაც ჩვენს ნაკრებში უთამაშია. თუმცა ვერც მან გვიშველა – ჯგუფში ფინეთთან ერთი წაგება ძვირად დაგვიჯდა… „ბ“ დივიზიონის პლეი ოფშიც კი ვერ გავედით.

ჰერბერტის ნაცვლად 2007 წელს კენ შილდსის დანიშვნა თითქოს უკეთესი უნდა ყოფილიყო. იგი 1988-94 წლებში კანადის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დააკავებინა. თუმცა სწორედ 2007 წელს ვიწვნიეთ ყველაზე მწარე მარცხი ქართული კალათბურთის ისტორიაში – ისლანდიაში 75:76 დავთმეთ და მეორედ ჩავრჩით „ბ“ დივიზიონში.

 

2008-2015

2008 წლის ივნისში კლუბ „12 მაგიდაში“ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს წარუდგინეს ახალი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც იმხანად „დეტროიტ პისტონსში“ ლარი ბრაუნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა…

NBA-ში მოღვაწეობა, ერთი შეხედვით, ბევრს ნიშნავდა, მაგრამ უფრო მეტი სკეპტიკურად იყო განწყობილი – კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებამდე უმაღლეს დონეზე მთავარ მწვრთნელად არ ემუშავა და ევროპულ კალათბურთში თავისი საქმით ბევრი არ იცნობდა.

თუმცა მისტერ იგორიც სწორედ იმიტომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების გაწვრთნას, რომ მისი გვარი ევროპაშიც გაჟღერებულიყო. იღბლიანი და მომავლის კარგად გათვლის ნიჭით დაჯილდოებული სპეციალისტი აღმოჩნდა – წინასწარ გათვალა, რომ მეორე ეშელონში მოყურყუტე საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი ჰქონდა და არათუ პირველ დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც შეეძლო.

იგორ კოკოშკოვი
იგორ კოკოშკოვი

მოხვდა კიდეც – 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტზე იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბელგიისა და უკრაინის ძლევით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია ტრავმების გამო გამოაკლდნენ და პლეი ოფზე ოცნებასაც დაემშვიდობა.

– დებიუტანტისგან მეორე წრეში გასვლა მოულოდნელი შედეგი იყო. საქართველომ კარგი თამაშით დაამტკიცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილების სისწორე გუნდების 24-მდე გაზრდასთან დაკავშირებით, – აღნიშნა ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა, ნარ ძანოლინმა.

ამას მოჰყვა ევრობასკეტი 2013 და ევრობასკეტი 2015. ჯერჯერობით ყველაზე მაღალი შედეგი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალია, სადაც საქართველოს ლიეტუვის დასამარცხებლად ძალიან ცოტა დააკლდა.

– საქმე გმირებთან გვაქვს. მაშინ, როცა სხვა კალათბურთელები კლუბისგან მოცალეობის ჟამს დასვენებას ამჯობინებენ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ქვეყნისთვის თავს არ ზოგავენ და უანგაროდ იცავენ საქართველოს ღირსებას, – ასეთი იყო იგორ კოკოშკოვის კომენტარი „ჯვაროსნებთან“ გამომშვიდობების წინ.

ევრობასკეტის 1/8-ფინალი იგორ კოკოშკოვისთვის საქართველოს ნაკრების ფორმით ბოლო მატჩი იყო. 2017 წელს მან სლოვენიას მოაგებინა ევროპა, 2019-ში კი სერბეთის ნაკრები ჩაიბარა…

 

2016-2023

2016 წლის 18 თებერვალს გამოცხადდა: საქართველოს ნაკრებს ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი გაწვრთნის. ხელშეკრულება 1+1-წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

ბატონმა ილიასმა პირველივე შეხვედრაზე თქვა:

– ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ არ იყოს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას არც დავთანხმდებოდი.  კალათბურთი ყველგან ერთია, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ახალს ვერაფერს მოვიგონებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევიან.

პირველივე შესარჩევზე სტუმრად მონტენეგროში 90:84 გამარჯვებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ გავიდა.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენმა გუნდმა ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო: 2017 წელს ისრაელში გამართული და 2022 წელს საქართველოში ჩატარებული.

 

ილიას ზუროსი
ილიას ზუროსი

თუმცა ილიას ზუროსს, წინა მწვრთნელებთან შედარებით, განსხვავებულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა: თუ მანამდე შესარჩევი მატჩები ზაფხულში, ერთ თვეში ეტეოდა და წინასწარ შეკრების გავლაც შესაძლებელი იყო, ამჯერად ფანჯრები ნოემბერ-თებერვალ-ივლისზე გადანაწილდა. შუა სეზონში კი ერთკვირიანი შეკრებაც სანატრელი გახდა. ამის მიუხედავად ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა სერბეთი (ბელგრადში) და ესპანეთი (თბილისში)…

ესპანეთთან გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. სწორედ ეს მოგება აღმოჩნდა გადამწყვეტი – საქართველოს ნაკრებმა სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა ისლანდიას და ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

2023 წლის მუნდიალზე კაბო ვერდე და ვენესუელა რომ დაამარცხა და ტოპ-16-ში მოხვდა, კარგად მოგეხსენებათ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ შედეგით „ჯვაროსნებმა“ ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება მიიღეს.

თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩის პრესკონფერენციაზევე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის 8-წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.

– რვა წელი დიდი დროა. მოთამაშეებთან და ნაკრების  სხვა წევრებთან ერთად ბევრი სირთულე გადავლახე. ასეთ დროს კი მათთან ბევრ საერთოს ნახულობ, ბუნებრივად უახლოვდები, ჩნდება ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის გრძნობა, – ასე დაგვემშვიდობა ბერძენი სპეციალისტი.

 

2024 წლის 14 თებერვლიდან კი საქართველოს ნაკრებს სერბი ალექსანდრ ჯიკიჩი ხელმძღვანელობს. 23 თებერვალს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციოს პირველი მატჩია დანიაში, ხოლო 2 ივლისს – ოლიმპიადის შესარჩევის პირველი შეხვედრა ლატვიასთან.