კალათბურთი | მაიკ ჯეიმსი - ნაკრებიდან თუ საინტერესო შეთავაზება იქნება, აუცილებლად განვიხილავ და შეიძლება ვითამაშო #1TVSPORT
კალათბურთი | მაიკ ჯეიმსი - ნაკრებიდან თუ საინტერესო შეთავაზება იქნება, აუცილებლად განვიხილავ და შეიძლება ვითამაშო #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა და ეს პოზიცია ჯერაც ვაკანტურია. ასევე დაგეგმილია ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის შეცვლა. 2018 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით „ჯვაროსნების“ მაისურით ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი თამაშობდა. ნაკრების უახლოეს მატჩებში კი, სხვა ამერიკელს ვიხილავთ.

ბევრი რამ დამოკიდებულია მომავალ მწვრთნელზე – პირველ რიგში, სწორედ მან უნდა შეარჩიოს ამერიკელი ნატურალიზაციისთვის. ასე იყო 2006 წელს, როდესაც გორდონ ჰერბერტმა საქართველოში ტაირონ ელისი ჩამოიყვანა, ასე იყო 2016-ში, როდესაც ილიას ზუროსმა მაიკლ დიქსონი მოიწვია. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ნაკრებში ახალი მწვრთნელი მიდის, თუ მაღალი კვალიფიკაციის ნატურალიზებული დახვდება, მისი შეცვლა სულაც არ არის აუცილებელი.

ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას ამერიკელი გამთამაშებლის, მაიკ ჯეიმსის დამატება სურდა. მაშინ ის თორნიკე შენგელიასთან ერთად „ბასკონიაში“ თამაშობდა. თუმცა შეთანხმება არ შედგა. სხვათა შორის, მაიკმა ორიოდე დღის წინ გამოცემა „ევროჰუპსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნაკრებისგან მიიღო წინადადება. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ ჯეიმსმა მზადყოფნა გამოთქვა, ახლაც განიხილოს სანაკრებო შეთავაზება.

„თითქმის ყოველ წელს ვიღებ წინადადებებს ნაკრებში თამაშის თაობაზე. როდესაც ჩემი აგენტი ვარიანტს მთავაზობს, მეკითხება – რას ფიქრობო, ყოველთვის დეტალურად განვიხილავ. რადგან საკლუბო სეზონი ძალიან დიდხანს გრძელდება, ვცდილობ ზაფხულში მეტი დრო ოჯახს დავუთმო.

თუმცა, თუ კარგი შანსი გაჩნდა, კარგმა გუნდმა შემომთავაზა, აუცილებლად განვიხილავ და შეიძლება ვითამაშო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია წინადადებაზე“.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ჯეიმსი ამჟამად ევროლიგური „მონაკოს“ ღირსებას იცავს. მთავარი მწვრთნელი საშა ობრადოვიჩია, ასისტენტი – მანუჩარ მარკოიშვილი.

ჯეიმსი 33 წლისაა, ევროლიგის გასულ სეზონზე ფრანგული კლუბის მაისურით საშუალოდ 16.4 ქულასა და 5.8 პასს აგროვებდა.