ფიბა-მ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა #1TVSPORT
ფიბა-მ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა #1TVSPORT

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ფიბა-მ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა, რომელშიც 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველო.

წილისყრა 27 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება, ხოლო მისი წამყვანი დიდი ბრიტანეთის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ლუოელ დენგი იქნება. მანამდე, გავრცელდება წილისყრის ჩატარების საორგანიზაციო დეტალებიც.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირზე 12 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. უკვე ცნობილია რვა მონაწილე – საფრანგეთი, სამხრეთ სუდანი, კანადა, აშშ, იაპონია, გერმანია, სერბეთი, ავსტრალია.

დანარჩენი ოთხი საგზურის მფლობელი 2024 წლის 2-7 ივლისს დაგეგმილ ტურნირზე გაირკვევა. წინასწარ ცნობილია, რომ ნაკრებები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. შემდეგ, თითოეული ექვსეული კვლავ გაიყოფა და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს. მათგან ორ-ორი საუკეთესო ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდება. შემდეგ კი ოთხი ფინალი გაიმართება და საგზურის მფლობელებიც გამოვლინდებიან.

საკალათბურთო ტურნირი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებენ: ანგოლა, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბრაზილია, კამერუნი, კოტ დ’ივუარი, ხორვატია, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიბანი, ლიეტუვა, მექსიკა, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, ფილიპინები, პოლონეთი, პუერტო რიკო, სლოვენია, ესპანეთი.