ტაიმაუტი | რატი ანდრონიკაშვილი - ევრობასკეტისთვის ჩვენი შემართება ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა #1TVSPORT
ტაიმაუტი | რატი ანდრონიკაშვილი - ევრობასკეტისთვის ჩვენი შემართება ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ დღეს, 20 მაისს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ამერიკის კოლეჯთა ლიგის გუნდის, „კრეიტონის“ გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ესტუმრა, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ანდრონიკაშვილმა ინტერვიუს დასაწყისში განვლილი სეზონი შეაფასა და ტრავმის შესახებ ისაუბრა, რომლის გამოც მისი პირველი წელი ამერიკის კოლეჯთა ლიგაში მთლიანად გამოტოვა.

„ამერიკაში თამაშის პირველი წელი დავასრულე. პირველი სეზონი ტრავმის გამო გამოვტოვე, ვერ მოვახერხე ვერცერთი თამაშის ჩატარება და რეაბილიტაციისთვის სრული სეზონი, 11-12 თვე დამჭირდა. ერთი სეზონი ჩავატარე – არც თუ ისე დამაჯერებელი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ბევრს მოვითხოვთ საკუთარი თავისგან. ამ ეტაპზე ვემზადები, რომ ჩავატარო ზაფხულში ნაკრებთან ერთად იმდენი თამაში რამდენიც შესაძლებელი იქნება და შემდეგ წელს დავბრუნდები იგივე ადგილას, იმის დასამტკიცებლად, რომ უფრო და უფრო მეტი შემიძლია.

იმ ტრავმის მერე რომ გამოდიხარ, რაც მე მჭირდა, რთულია ჩაჯდე თამაშის იგივე რიტმში. თითოეული ჩემი მწვრთნელი ხვდებოდა რა პროცესსაც გავდიოდი ამ ერთი წლის განმავლობაში და ჩემს მიმართ ისეთი მოთხოვნები არ იყო, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ტრავმა არ მექნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი მწვრთნელები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, უკეთესიც შეიძლებოდა და უარესიც, ასე ვუყურებდით ამ სიტუაციას, შესაბამისად ერთი სული აქვთ, რომ ჩავიდე და უკეთესი სეზონი ჩავატარო.

რაც შეეხება ტრავმას, სრულად აღდგენილია ყველაფერი, უბრალოდ რაც არის თანდაყოლილი ამ ტრავმასთან არის ის, რომ ყოველდღე რეაბილიტაციას გადიხარ შენ თავთან, რადგან სულ გახსოვს, რომ ეს მოხდა. მოდუნების უფლება არ გაქვს და უფრო მეტს სთხოვ შენ თავს ვიდრე სთხოვდი ტრავმამდე.“

რატიმ „კრეიტონის“ შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

„ჩვენს გუნდს საკმაოდ დამაჯერებელი წელი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვიყავით. სულ 2 სენიორი გვყავდა და დანარჩენები დებიუტანტები ვიყავით. გავედით საუკეთესო 32 გუნდში, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა, განსაკუთრებით ასეთი ახალგაზრდა გუნდისთვის. დღეს გამოვიდა იმ გუნდების სია, რომლებსაც შეუძლიათ შემდეგ წელს მთავარი ტურნირის მოგება, სადაც მეხუთე ადგილზე ვართ. ყველაზე მაღალი ჩვენი გუნდის ისტორიაში იყო მე-7 ადგილი და იმ წელს გუნდს შემადგენლობაში მხოლოდ სენიორები ჰყავდა.“

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელმა მის მიზნებზე ისაუბრა და იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც ამერიკაში ან ევროპაში წასვლა სურთ, მნიშვნელოვანი რჩევა მისცა.

„ოცნება არის გამარჯვება, რაც ჩემს კოლეჯს ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო მიზანი არის რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება. ის ტალანტი რაც გვაქვს და მომზადება, რასაც გავივლით ამ ზაფხულს, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ მაღალ ეტაპამდე მიგვიყვანს.

პირველ რიგში, იმ ახალგაზრდას, რომელსაც უნდა სადმე წასვლა, ვკითხავდი – ხვდება თუ არა, რამდენ რამეზე უნდა თქვას უარი, მაგრამ თუ ბოლომდე ხარ დარწმუნებული, რომ ეს გზა არის შენი გზა და მზად ხარ, რომ დათმო კომფორტი, რა თქმა უნდა, ამერიკაც და ევროპაც იქნება ძალიან კარგი. ადგილის არჩევის დროს დამოკიდებულია როგორი მოთამაშე ხარ. რაც შეეხება პირობებს – ამერიკა ამ მხრივ საუკეთესოა, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, პირობები არის მაღალი, გააზრებული უნდა გქონდეს შენ გუნდს უნდიხარ თუ არა. ეს არის მთავარი კითხვა. რადგან, თუ გუნდს არ უნდიხარ, მაშინ არც პირობები გექნება კარგი და არც მწვრთნელი მოგაქცევს ისეთ ყურადღებას როგორსაც იმსახურებ. თუ ატყობ, რომ გუნდი გეხმარება განვითარებაში, ამ მხრივ ძალიან მაღალ დონეზეა ამერიკა.“

ტაიმაუტის“ სტუმარმა, რა თქმა უნდა, ევრობასკეტსა და საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა.

„ბიჭები მზად ვართ, ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ მომზადებას, იმედი გვაქვს, რომ სრული შემადგენლობით ვიქნებით და შემართება ჩვენი მხრიდან ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში ვართ, მაგრამ ეს ევრობასკეტია, სადაც სუსტი გუნდი არ გადის, თითქმის ყველა ერთი დონის არის და გადამწყვეტი იქნება მომზადება.

ზუროსთან წლის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ ვლაპარაკობდი. სულ მკითხულობდა, ხედავდა, რომ დავიწყე თამაში. ყოველ თამაშში მეტი დრო მქონდა, რაც უხაროდა.“

ბოლოს კი რატიმ NBA-ის მიმდინარე სეზონზეც ისაუბრა და მისი ფავორიტი გუნდი დაასახელა.

„ჩემი სიმპათია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იხრება „მაიამისკენ“, რომ ბავშვობის კერპად მყავდა დუეინ უეიდი. ყოველთვის მის ვიდეოებს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა მისი თამაში. ჩემი გუნდელებიც „მაიამის“ გულშემატკივრობენ და ვფიქრობ, გაიმარჯვებს მარტო იმიტომ, რომ თამაშობს გუნდურ კალათბურთს.“