ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პაციენტი ევროპელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკაში იმოგზაურა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ინფიცირებული. ის ამჟამად ბანგკოკის საავადმყოფოში კარანტინში იმყოფება.
ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს ნამდვილად დაავადების უფრო საშიში ვარიანტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Clade 1.
„ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და ეს ნამდვილად მაიმუნის ყვავილია და არ არის Clade 2, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პირს აქვს Clade 1-ის ვარიანტი, თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო ლაბორატორიულ შედეგებს“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში იფეთქა. ივლისის შემდეგ დაავადება გამოვლინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. განსაკუთრებულად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც წელს 16 ათასი ინფიცირების და გარდაცვალების 500 შემთხვევა აღირიცხა.
აგვისტოში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი შვედეთშიც გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.