ტაილანდში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ტაილანდში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაილანდში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვირუსის დიაგნოზი 60 წლის ჩინელ ტურისტ ქალს დაუსვეს, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

„ინფიცირებული ქალი ცხრასულიანი ოჯახის წევრია, რომელთაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ“, – განაცხადეს ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამჟამად ტაილანდში ვირუსით ინფიცირების 35 შემთხვევაა აღრიცხული. 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამშობლოში დაბრუნდა. კიდევ 20 მკურნალობას განაგრძობს. ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ტაილანდში არ დაფიქსირებულა.

როგორც ტაილანდის მთავრობაში აცხადებენ, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აეროპორტებში იაპონიიდან, სინგაპურიდან, ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან და ტაივანიდან ჩასული მგზავრების შემოწმება გამკაცრდება. კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრები საკარანტინო პერიოდს საავადმყოფოში გაატარებენ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 1700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.