ტაილანდში გადარჩენილი ბავშვები რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ შეძლებენ
ტაილანდში გადარჩენილი ბავშვები და მათი მწვრთნელი რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ შეძლებენ. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საყურებლად დაპატიჟა.
ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ბავშვები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ შეძლებენ, თუმცა თამაშების ყურებას საავადმყოფოში, იზოლირებულ ოთახში შეძლებენ.
შეგახსენებთ, ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაციის მესამე და გადამწყვეტი ფაზა დღეს დილით დაიწყო. ბავშვების გამოსაყვანად გამოქვაბულში 19 მყვინთავი შევიდა.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.