საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ტაილანდის სამეფოს ვიზა საზღვარზე აიღონ
2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება Visa on Arrival, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტაილანდში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ტაილანდის სამეფოში მთავრობისა და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან Visa on Arrival-ის ამოქმედდება.
ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქალაქ ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის, საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა.