ტაილანდის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. პირველი სამი აფეთქება გამთენიისას, პრატუ ნამის რაიონში, ერთმანეთის მიყოლებით, 5-7-წუთიანი ინტერვალებით განხორციელდა.
აფეთქების შედეგად სამი მეეზოვე მსუბუქად დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გამხმარი ფოთლების გროვაში იყო ჩამალული. შემთხვევა კონგრეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა, სადაც ამ კვირაში უსაფრთხოების საკითხზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების შეხვედრა გაიმართება.
კიდევ ორი აფეთქება სასტუმრო „ინდრა რეგენტის“ პირველ სართულზე მოხდა, სადაც სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებია განთავსებული.
დამატებით ორი აფეთქება საელჩოებისა და ბანკების სიახლოვეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათისთვის, მეტროსადგურთან განხორციელდა.
09:30 საათისთვის სამთავრობო შენობების სიახლოვეს კიდევ ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მორიგი აფეთქება კი 10:00 საათისთვის, ტაილანდის შეიარაღებული ძალების შტაბთან მოხდა. სამართალდამცველებმა ამავე ტერიტორიაზე კიდევ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
კიდევ ორი აფეთქება ბანგკოკის ჩრდილოეთ ნაწილში, სამთავრობო კომპლექსის სიახლოვეს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა რეიდების დროს, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობისთვის 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 7 მამაკაცი და 1 ქალი. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა აღნიშნული პირები დღეს დილით მომხდარ აფეთქებების სერიასთან დაკავშირებული.
მომხდარის შედეგად, ტაილანდის ეროვნული პოლიციის მეთაურის ხელმძღვანელობით საგამოძიებო შტაბი შეიქმნა, რომელიც განვითარებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, პირველ სხდომას უახლოეს საათებში გამართავს.