თაგვის ღეროვანი უჯრედებით მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი „სინთეტიკური ემბრიონები“ შექმნეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა თაგვის უჯრედებისგან „სინთეტიკური ემბრიონები“ გაზარდეს, თანაც სპერმის, კვერცხუჯრედის ან საშვილოსნოს გარეშე.
ასეთი პროცესი მსოფლიოში პირველად ჩატარდა და მისი შედეგები აღწერილია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ჯგუფის ხელმძღვანელის, ვაიცმანის მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ჯეიკობ ჰანას განცხადებით, ეს ტექნოლოგია შეიძლება საწყისი წერტილი იყოს ორგანოების ნულიდან გამოსაზრდელად.
დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო იქამდე, ვიდრე ამ გზით ადამიანის ემბრიონის გაზრდაზე ფიქრსაც კი დავიწყებთ.
მიუხედავად ამისა, მათი განცხადებით, ეს შესაძლებლობა კვლევებმა ოდნავ უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ეთიკურ კითხვას აქტუალობა შემატა.
„ემბრიონი ორგანოების შემქმნელი საუკეთესო მანქანა და საუკეთესო 3D ბიოპრინტერია — შევეცადეთ მიგვებაძა იმისთვის, რასაც ის აკეთებს“, — ამბობს ჰანა.
ჰანამ და მისმა ჯგუფმა წარსულში უკვე მოახერხა თაგვის ემბრიონების გაზრდა საშვილოსნოს გარეთ, მინის კონტეინერებში.
თუმცა, ის ემბრიონები პირდაპირ ნამდვილი თაგვისგან აიღეს და განაყოფიერებულიც იყო. უახლეს კვლევაში, მათ ემბრიონები ღეროვანი უჯრედებისგან გამოზარდეს.
იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, უჯრედები სხეულის მიერ მათთვის გაგზავნილი ქიმიური სიგნალების წაკითხვით სწავლობენ.
მეცნიერებს შეუძლიათ ამ სიგნალებს მიბაძონ, რათა ღეროვანი უჯრედები „ფეიკ“ ორგანოებად გარდაქმნან ლაბორატორიის თეფშზე, მაგალითად, პრეპარატების შესამოწმებელ მინი-ტვინებად.
ჰანას ჯგუფის მიერ შექმნილი სინთეტიკური ემბრიონების უმეტესობა პროცესის ადრეულ ეტაპზევე მოკვდა. თუმცა, რამდენიმემ 8,5 დღის განმავლობაში ზრდა შეძლო, ანუ, თაგვის მაკეობის დაახლოებით ნახევარი.
ამ წერტილში, ისინი 95 პროცენტით ჰგავდა თაგვის ნორმალურ ემბრიონს, გამოეზარდათ პლაცენტა და ჰქონდათ ხერხემლის, თავის ტვინის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და გულის ჩანასახები.
მიუხედავად ამისა, როგორც ჰანა აღნიშნავს, ისინი „რეალური“ ემბრიონები არ არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ვადამდე მიღწევა ვერ შეძლეს მაშინ, როდესაც თაგვის საშვილოსნოში მოათავსეს.
ვინაიდან სინთეტიკური ემბრიონები ღეროვანი უჯრედებისგან არის შექმნილი და არა განაყოფიერების გზით, ადვილია პროცესის მასშტაბების ზრდა და ერთდროულად ბევრის გამოყვანა.
ეს კი მეცნიერებისთვის შეიძლება ფასდაუდებელი იყოს, რადგან შესაძლებელია კვლევებისთვის დიდი ოდენობით სინთეტიკური ემბრიონი შეიქმნას ლაბორატორიის ცხოველებზე დამოკიდებულების გარეშე.
ჰანა აღნიშნავს, რომ თუკი ამ უჯრედებს ორგანოების ჩანასახების შექმნაზე დავიყოლიებთ, მათმა შესწავლამ შეიძლება გამოავლინოს ორგანოების ნულიდან შექმნისათვის საჭირო საშენი მასალები, რათა შემდეგ ისინი ადამიანებს გადაუნერგონ დონორის საჭიროების გარეშე.
„ჩვენი შემდეგი გამოწვევაა იმის დადგენა, რანაირად იციან ღეროვანმა უჯრედებმა, რა უნდა გააკეთონ — როგორ ეწყობიან ისინი თავად ორგანოებად და როგორ პოულობენ გზას დანიშნულების წერტილებამდე ემბრიონს შიგნით“, — აღნიშნავს ჰანა.
ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტუტუტის მკვლევარი ჯეიმს ბრისკო, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, აცხადებს, რომ კვლევა ეთიკურ კითხვებს წარმოშობს:
„ახლა კარგი დროა ვიფიქროთ საუკეთესო კვლევების დასარეგულირებელ და ადამიანის სინთეტიკური ემრიონების გამოყენების საკანონმდებლო და ეთიკურ ჩარჩოზე და განვაახლოთ ამჟამინდელი რეგულაციები“, — აღნიშნავს ბრისკო.
მისი განცხადებით, ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონების გამოზრდას მალე ვერ ვნახავთ. თაგვის ამ სინთეტიკურმა ემბრიონებმა ცოცხალ თაგვად ჩამოყალიბება ვერ შეძლეს. ამას გარდა, გაცილებით ცოტა რამ ვიცით ადამიანის ემბრიონის შესახებ, რომელსაც ზრდისთვის გაცილებით დიდი ხანი სჭირდება.
მიუხედავად ამისა, ამ კვლევამ ეს მიმართულება შეიძლება წინ წაწიოს.
„ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ ძლიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადრეული განვითარების შესასწავლად. შევდივართ სამყაროში, სადაც შეგვეძლება ემბრიონების და პოტენციურად ცოცხალი ორგანიზმის ნულიდან შექმნა“, — ამბობს განვითარების ბიოლოგიის მკვლევარი პოლ ტესარი, რომელიც ასევე არ ყოფილა ამ კვლევაში ჩართული.
კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.