თაღლითობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე დააკავეს, თაღლითობაში დახმარებისთვის კი, 13 პირი პასუხისგებაში მიეცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.
სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 000 კვ.მ- ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 78 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.
ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ, ამირან ნ, მზია ჟ, გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ, ელიზბარ გ, გია გ, ზაზა ბ. და ვაჟა პ.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოს, ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.