თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი ცხადდება
თბილისში, თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი ცხადდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა დაახლოებით 150 წლის არის და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
„იქ არსებული მდგომარეობა არის უმძიმესი, სიცოცხლისთვის საშიში. ეს კორპუსი დღესდღეობით არის მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა, რომელსაც დაახლოებით 70 მესაკუთრე ჰყავს. ჩემი თხოვნა იქნება, გქონდეთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიაწოდოთ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე შემუშავდეს პროექტი, ხოლო პროექტის საფუძველზე დაიწყოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია ინგოროყვას ქუჩას, სულხან-საბას ქუჩების რეაბილიტაცია და უახლოეს მომავალში იქნება პროექტი და დაიწყება მუშაობა.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, ისტორიული შენობა თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. 1918 წელს კი შენობა კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა.