სწრაფმა ევოლუციამ ქაღალდის კრაზანებს ერთმანეთის სახეზე ცნობის უნარი განუვითარა
სწრაფმა ევოლუციამ ქაღალდის კრაზანებს ერთმანეთის სახეზე ცნობის უნარი განუვითარა

ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ყველა ქაღალდის კრაზანა ერთმანეთს ჰგავს. მწერების უმეტესობას ერთმანეთის ვიზუალურად ცნობა არ შეუძლია, მაგრამ კრაზანის ამ სახეობის ევოლუციური გზა ფრიად დამაინტრიგებელია.

ჩრდილოეთის ქაღალდის კრაზანას (Polistes fuscatus) თავისი გუნდის წევრი კრაზანების სახის ცნობის უნარი განუვითარდა, რითიც შეუერთდა კრაზანების სხვა რამდენიმე სახეობისა და ფუტკრების რიგებს, რომლებიც ასევე ფლობენ ამ სოციალურ უნარს.

ახლახან, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს უნარი მათ ძალიან სწრაფად, უკანასკნელი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში განუვითარდათ. მკვლევართა აზრით, ასეთი სწრაფი ევოლუცია იმაზე მიუთითებს, რომ გონებრივი შესაძლებლობების ზრდამ მათ ევოლუციური უპირატესობა მოუტანა.

კორნელის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგის, მაიკლ შიჰანის განცხადებით, ამჯერად მათ სურთ გაარკვიონ, რამდენად კომპლექსური თვისებები განვითარდა.

მისივე თქმით, ნამდვილად მოულოდნელია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ამ კრაზანების უახლეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სელექციური წნეხი უკავშირდება არა კლიმატს ან საკვების მოპოვებასა და პარაზიტების დაჭერას, არამედ ერთმანეთის უკეთ ცნობას. Ეს კი საკმაოდ უცნაურია.

ჯერ კიდევ 2002 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთის ქაღალდის კრაზანები ერთმანეთის იდენტიფიცირებისთვის მხედველობას იყენებდნენ. ამის დასადგენად, მათ ზოგიერთ კრაზანას საღებავით სახე შეუცვალეს და აღმოაჩინეს, რომ ეს სახეშეცვლილი კრაზანები თავიანთივე ბუდის წევრ კრაზანებში უფრო მეტ აგრესიას იწვევდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ისე მოხატეს, რომ სახის ძირითადი ნიშნები შეუცვლელი დატოვეს.

რაც უფრო მეტი დრო გაატარეს სახეშეცვლილმა კარზანებმა ბუდეში, მათ მიმართ აგრესია შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ჯგუფის წევრებისთვის თანდათან უკვე ნაცნობები გახდნენ.

სახის ამოცნობის ასეთი უნარი მწერებში იშვიათია; ამიტომ, მკვლევართა ჯგუფმა კრაზანების გენომის შესწავლა გადაწყვიტა, რათა გაერკვიათ, როგორ ახერხებდნენ ჩრდილოეთის ქაღალდის კრაზანები იმას, რაც სხვა კრაზანებისთვის შეუძლებელია.

მკვლევრებმა შეაგროვეს P. Fuscatus-ს გენომი და შეადარეს მისი ორი ახლო ნათესავი კრაზანის გენომებს P. Metricus-სა და P. dorsalis-ს; ამ უკანასკნელთ ერთმანეთის სახეზე ცნობის უნარი არ აქვთ. შედეგად დადგინდა, რომ P. Fuscatus-ს უკანასკნელი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში განცდილი აქვს მკვეთრი კოგნიტური ცვლილებები, რაც არ მომხდარა დანარჩენი ორი კრაზანის გენომში.

როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, ბოლოდროინდელი ძლიერი სელექციური ძვრები P. Fuscatus-ში მოიცავდა ლოკუსის მიერ გრძელვადიანი მეხსიერების ფუნქციის შეძენას, სოკოს ფორმის სხეულის განვითარებასა და ვიზუალურ დამუშავებას, თვისებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ინდივიდუალურ შეცნობასთან კავშირში განუვითარდა.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სახის ამოცნობა სხვა რამდენიმე მწერსაც შეუძლია. საინტერესოა, რომ ისინიც კოლონიური მწერები არიან, მაგალითად, მეთაფლია ფუტკარი (Apis mellifera) და ტროპიკული ფარფატა კრაზანა (Liostenogaster flavolineata). აქვთ საერთო დინამიკა — მათ სკებსა და ბუდეებში შეიძლება იყოს მრავალი დედოფალი.

ამ კოლონიებში დედოფლები ქმნიან იერარქიას, რომელშიც ერთი დედოფალი სათავეშია, დანარჩენები კი მისი მორჩილები არიან. მაგალითად, L. Flavolineata-ს შემთხვევაში, მდედრობით კვერცხებს მხოლოდ დომინანტი დედოფალი დებს, მის დაქვემდებარებაში მყოფი ხელქვეითები კი მამლებს ჩეკენ.

დედოფლებს დომინანტობისთვის ხანდახან ბრძოლაც უწევთ. მკვლევართა ჯგუფის აზრით, სახის ცნობის უნარი მათ ეხმარება დაიმახსოვრონ, ვინ დაეხმარათ ან ვის დაეხმარნენ ამ პროცესში.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი ფაქტები აჩვენებს, როგორ შეიძლება ბუნებრივმა გადარჩევამ განაპირობოს კოგნიტური ევოლუცია, თანაც ძალიან სწრაფად.

„ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, კოგნიტური ევოლუცია თანდათანობითი, ნელი პროცესი იყოს. ხდება მუტაციები, რომლებიც დიდ ცვლილებებს იწვევს. ეს კი მიუთითებს რომ შესაძლოა, კოგნიტური უნარის სწრაფი ადაპტაცია მნიშვნელოვანია სხვა სახეობაშიც, როგოც ენა ადამიანებში“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი მაიკლ შიჰანი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.