სვეტლანა ციხანოვსკაია - ბელარუსის რეფორმები მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, ბელარუსის რეფორმები მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამგვარად გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებას ეხებოდა.
ამავე დროს, ციხანოვსკაია მიესალმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს განცხადებას, რომელიც პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, თუმცა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მის რამდენიმე მოსაზრებას.
კერძოდ, ციხანოვსკაიას თქმით, მთავარი ამოცანა არა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება, არამედ ახალი არჩევნების ჩატარებაა.
„ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა მოთხოვნა და შემდეგ კი რეფორმები, რომელთა გატარებაც მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგადაა შესაძლებელი. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შემდეგ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევქმნათ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელშიც ყველა დაინტერესებული პარტია და მოქალაქე შევა. ეს დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას განვითარებაში“, – განაცხადა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.
მისივე თქმით, „საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას ლუკაშენეკოს უბრალოდ მისი თანამდებობიდან გადადგომის გაჭიანაურება სურს“.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, სადაც ის 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიხიზნა.
ბელარუსში უკვე 24 დღეა, გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.
მანამდე, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება უნდა, თუმცა მან 1994 წლის კონსტიტუციასთან დაბრუნება გამორიცხა. 1994 წლის კონსტიტუციით, ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთ ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეეძლო.