სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის კრიზისის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს
სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის კრიზისის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია მომდევნო კვირას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტისას, ბელარუსის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვდება.

ციხანოვსკაიას პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში ჩავა.

ციხანოვსკაიას ოფისში ასევე განაცხადეს, რომ მის გუნდს ჰქონდა კონტაქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ბელარუსში აშშ-ის ელჩ ჯული ფიშერთანაც, რომელმაც ამ დრომდე ვერ შეძლო კუთვნილი თანამდებობის დაკავება, ვინაიდან ოფიციალურმა მინსკმა მას ვიზის მიცემაზე უარი უთხრა.

ციხანოვსკაიას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, რაც ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში სპეცოპერაციები განახორციელეს.