სვეტიცხოვლის ტაძარში, პრეზიდენტის თხოვნით, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა.
ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.