სვენ მიქსერი - პოლიტიკური ანტაგონიზმის შემცირებას ძალიან ველოდებით, ევროპარლამენტმა წარადგინა ჟან მონეს დიალოგის ინიციატივა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, დაეხმაროს მხარეებს
სვენ მიქსერი - პოლიტიკური ანტაგონიზმის შემცირებას ძალიან ველოდებით, ევროპარლამენტმა წარადგინა ჟან მონეს დიალოგის ინიციატივა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, დაეხმაროს მხარეებს

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ​ის სვენ მიქსერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, პარლამენტის ორ კომიტეტთან არსებითი დისკუსია გაიმართა.

„მე ვარ აქ, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში და ჩემს მოხსენებას, რომელიც პერიოდულია, ვამზადებ საკანონმდებლო ორგანოსთვის. ეს არის ანგარიში, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე. ცხადია, ეს არის ამბიციური დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანია ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ეკონომიკური წარმადობის ამაღლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასე რომ, ეს არის ამბიციური და მრავალმხრივი დოკუმენტი და მისი იმპლემენტაცია ცხადია, მოიცავს პარლამენტის ბევრ საკანონმდებლო მუშაობას, მაგრამ ჩემი სამუშაო არის კანონომდებლობის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაცია, რათა გაუმჯობესდეს შრომითი პირობები, გაუმჯობესდეს კონკურენცია, ბიზნესგარემო“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

სვენ მიქსერის განმარტებით, მხარდაჭერა, რომელსაც ევროპარლამენტი გამოხატავს, არის არა რომელიმე პარტიის, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების მხარდაჭერა.

„შემდგომი ინტეგრაციის პროცესში წარმატება ცხადია, დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საკანონმდებლო მუშაობაზე და არა მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე, არამედ ევროკავშირის სხვა მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზეც. დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ამოცანებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების განსხვავებულ ოპერაციებს შორის ცხადია, მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ამასთან, სვენ მიქსერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზეც.

„ცხადია, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტის დროს ჩემს დისკუსიებში, ისევე როგორც ანგარიშის შედგენის დროს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირისა და ევროპარლამენტის პოზიცია არის, რომ ყველა ქვეყანას აქვს ღია უფლება, თავად აირჩიოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. ჩვენ ასევე გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური, პრინციპული და ურყევი პოზიცია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ამავდროულად, სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ანტაგონიზმი არის დაბრკოლება წინსვლისთვის.

„ძალიან კარგია, რომ საქართველომ გამოხატა ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც უკვე შეთანხმებულია – ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა, როდესაც ეს შესაძლებლობა იხსნება. შიდა მდგომარეობა, მათ შორის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ანტაგონიზმის შემცირება არის ის, რასაც ძალიან ველოდებით. ევროპარლამენტმა წარადგინა ჟან მონეს დიალოგის ინიციატივა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, აიღოს ინიციატივა, დაეხმაროს მხარეებს, რომ გადალახონ ეს ჩიხი და ანტაგონიზმი. ცხადია, ეს არის დაბრკოლება წინსვლისთვის“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.