სვენ მიქსერი - მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ყველა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოება, რომლებიც რუსეთის აგრესიის ან რუსული პროვოკაციების საფრთხის წინაშე დგანან
ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვოდეს.
„არსებობს სტანდარტი, არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც მხედველობაში უნდა მიიღო. ამ მომენტისთვის, ევროკავშირი ცდილობს კოალიციის აშენებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ცხადია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველა ქვეყანასთან მუშაობისთვის, რომელიც მზაადაა, იმუშაოს ამ გარემოებაში“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განაგრძობს არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობას.
სვენ მიქსერის განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველომ გაატაროს ის შემზღუდავი ნორმები, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა.
„ეს გავლენას მოახდენდა არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მხედველობაში მივიღოთ გართულებული უსაფრთხოების გარემო და არ ვფიქრობ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამარცხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებენ, ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ყველა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოება, რომლებიც რუსეთის აგრესიის ან რუსული პროვოკაციების საფრთხის წინაშე დგანან. ამას ვაკეთებთ ძალიან სერიოზულად აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ორგანიზაციის წევრები არიან, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს სხვადასხვა მიმართულება აქვს.
გავიმეორებ, რაც არის საჭირო – მაქსიმალურად სწარაფად დანერგვა ევროპული სტანდარტების, ეკონომიკის დასავლეთით ორიენტირება, რომ თქვენი ბაზარი ევროპული ქვეყნების სტანდარტს დაუახლოვდეს, რომ გაძლიერდეს ინსტიტუტები.
გასაგებია, ყველაფერი ერთ დღეში ვერ გაკეთდება, გარკვეული დრო დაიკარგა, გარკვეულ მიმართულებებში თვალშისაცემი პროგრესი იყო, მაგრამ ვფიქრობ, დღეს საჭიროა დემონსტრირება, რომ იზიარებთ ყველა ღირებულებას, ყველა შეშფოთებას და ერთ-ერთი ასეთი გამოხატულება იქნებოდა ევროპულ სანქციებთან შეერთება. მესმის, რომ საქართველო რუსულ კრიტიკულ საჭიროებებზე არის დამოკიდებული, არსებობს სამართლებრივი და ტექნიკური სირთულეები, ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი ერთ დღეში ვერ გადაიჭრება, მაგრამ ვფქირობ, რომ თუ გსურს ევროპასთან სიახლოვე და დამოკიდებულების შემცირება წარმოუდგენელად არამეგობრულ, აგრესიულ და არაპროგნოზირებად ქვეყანაზე, საჭიროა საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.