სვენ მიქსერი - ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მისწრაფებები
ევროპარლამენტარის, საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიქსერის განცხადებით, ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როცა საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ამის შესახებ სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე, საქართველოს უფლებას, აირჩიოს გზა, გადაწყვიტოს საკუთარი მისწრაფებები და განაცხადის გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. არის ძალიან ძლიერი შეთანხმებითი პოზიცია, რომ არ უნდა დაბრუნდეს პრივილეგირებული ინტერესების სფეროების და გავლენის ძველი კონცეფცია რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
მიქსერის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მისწრაფებებზე.
გარდა ამისა, სვენ მიქსერი ამბობს, რომ პოლიტიკურმა კლასმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რეალურად უნდა გაამართლონ ხალხის მოლოდინები, ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტად ანტაგონისტური და პოლარიზებული ხდება. საქართველო არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც პოლიტიკური ანტაგონიზმი და პოლიტიკური პოლარიზაცია პერიოდულად ფარავს მთელ პოლიტიკურ დისკურსს და პროცესს. ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა დახმარება, როდესაც ეს საჭიროა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობის საქმეა, რომ გადაწყვიტოს ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა. ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს პროცესის შემსუბუქებას. სწორედ ამის დემონსტრირება მოახდინა საქართველოში ჩვენმა დელეგაციამ, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით მიღწეულმა შეთანხმებამ“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.