სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა
სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება – „ხუდონჰესის“, „ნენსკრაჰესის“, „მესტიაჭალაჰესისა“ და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები. ამის შესახებ მესტიაში თემთა შეკრების განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპკორპუსს და ყველა ინსტიტუციას აღნიშნული მოთხოვნით მიმართავენ.

სვანეთის თემთა შეკრების წევრები აცხადებენ, რომ სვანეთში უნდა აიკრძალოს უკლებლივ ყველა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელყოფს, აზიანებს, ანგრევს და აპარტახებს უნიკალურ ბუნებას.

სვანეთის თემთა კავშირის წევრებმა დღეს აქცია გამართეს და ხელისუფლებას დრო ხვალამდე მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

„კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარების აკრძალვას”, – აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ განაცხადში.

ხვალ 12:00 საათზე ადგილობრივები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

მათი თქმით, „სვანეთიჰიდრო“ აპირებს მშენებლობის დაწყებას და არ გაატარებენ მათ კუთვნილ ტექნიკას.