სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ციალა ჩართოლანის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ.
კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე განიხილავენ სვანურ ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას და სხვა საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
„ეს კონფერენცია ჩემდამია მოძღვნილი. გულწრფელად გეუბნებით, მე მგონია, რომ არ ვიმსახურებ ამდენს, რადგან მე ის საქმე ვაკეთე, რაც ღმერთმა დამავალა – მოვუარე სვანეთში დაუნჯებულ ქრისტიანული კულტურის ძეგლებს. ეს არის ჩემი სათქმელი და რამდენად მოვახერხე ეს, საზოგადოებამ უკვე შეაფასა და კიდევ აფასებენ. დღევანდელი დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, 90 წელი შემისრულდა. მადლობა უფალს, რომ ამდენ ხანს მაცოცხლა და დღესაც შემიძლია, ჩემს საყვარელ საქმეზე ვისაუბრო“, – განაცხადა ციალა ჩართოლანმა.