სუზანა ფელდმანის საქმე - გერმანელი მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერაყში დააკავეს
გერმანიის ქალაქ ვისბადენში სამი კვირის წინ მოკლული 14 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ერაყის ქალაქ ერბილში დააკავეს. 20 წლის ალი ბაშარმა დანაშაული აღიარა.
20 წლის ერაყელი მიგრანტი ალი ბაშარი, რომელიც გერმანიაში 2016 წელს არალეგალურად ჩავიდა, ეჭვმიტანილის სტატუსით რამდენიმე დღის წინ დაკითხეს. სამხილის არარსებობის გამო იგი გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. მას შემდეგ, რაც გერმანიის პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ერაყში გაფრინდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. პოლიციისთვის დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, როგორ მოახერხა ალი ბაშარმა გერმანიიდან ერაყში სტამბოლის გავლით, ყალბი პასპორტით გაფრენა .
22 მაისს მაინცის პოლიციას ვისბადენში მცხოვრები 14 წლის სუზანა ფელდმანის მშობლემა მიმართეს. გოგონა სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. რამდენიმე საათში პოლიციამ მოზარდის ცხედარს მიაგნო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის შემდეგაც ის თავდამსხმელმა მოკლა.
საქმის მთავარი მოწმე 13 წლის ერაყელი ლტოლვილი იყო, რომელმაც პოლიციას სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ შეატყობინა. საქმეში თურქეთის მოქალაქეც ფიგურირებდა. თავდაპირველად იგი მთავარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა სამხილის არარსებობის გამო, იგი გაათავისუფლეს.
მოზარდის სასტიკი მკვლელობის საქმე ანტიემიგრაციული პოლიტიკის მომხრე პოლიტიკური პარტიებისთვის ბოლო კვირებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა, მომხდარი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასეს. გერმანიის პოლიციას ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ ალი ბაშარმა 14 წლის მოზარდი რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე მოკლა. გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ბაშარს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.