სუს-ი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პარლამენტის შენობაში განვითარებული მოვლენების დღიდან ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება „ფეიკნიუსები“, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
„ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი“, – აღნიშნავენ სუს-ში.
მათივე განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „მოუწოდებს პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“.