სუსი - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მარნეულში სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, ასევე, სრული სიცრუეა, თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, სრული სიცრუეა, თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აღნიშნულია განცხადებაში.