სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაუგებარია, რატომ აკავებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ზაალ უდუმაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, უცბად გამოცვივდნენ პოლიციელები და დაიწყეს დაკავება.
„ამ ხელისუფლების მზე ესვენება, ყველაფერი ნათელია და ახლა არიან ბოლო გავეშებულ იერიშზე გადმოსულები. ხალხი იდგა ჩვეულებრივ, არაფერს აშავებდნენ. უცბად გამოვარდნენ პოლიციელები და მასობრივად დაიწყეს დაკავებები. მაქსიმალურად ცდილობდნენ, ბევრი ხალხი დაეჭირათ, პირველად ეცნენ შედარებით აქტიურ ადამიანებს და შემდეგ გადავიდნენ სხვებზე. როგორც ჩანს, ბრძანებაა გაცემული – დააკავეთ ყველა, განურჩევლად“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.