ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები სუს-თან გზის გადაკეტვას ცდილობენ, დაკავებულია რამდენიმე პირი
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები სუს-თან გზის გადაკეტვას ცდილობენ, დაკავებულია რამდენიმე პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ლეიბორისტული“ და კიდევ რამდენიმე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციაზე პოლიციასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათი რამდენიმე წარმომადგენელი დააკავა.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მედიასთან განცხადება გააკეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა.

მისი განცხადებით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ფარგლებს.

სამართალდამცველის თქმით, აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ არ მოეხდინათ გზისა და შენობაში შესასვლელის ბლოკირება, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, სულ დაკავებულია შვიდი პირი და ყველა მათგანი უმიზეზოდ, ე.წ. ზებრა გადასასვლელის გადაკვეთისას დააკავეს.

„ივანიშვილი ყველა ზღვარს გასცდა. მშვიდობიან შეკრებაზე ადამიანები დააპატიმრეს უმიზეზოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ „ზებრას“ კვეთდა, მათ შორის ისეთ ადგილას, სადაც შუქნიშანი არ არის. გააგრძელეს დაკავების სერია. დაპატიმრებულია ჩვენი ინფორმაციით, შვიდი ადამიანი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან. „ლეიბორისტული პარტიიდან“ არის დაკავებული ორი ადამიანი, ოთარ ბექაური და ბექა ნათელაშვილი, ასევე,  დაპატიმრებულია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი უტა კემულარია და კიდევ, სავარაუდოდ, ოთხი პირი, რომლებიც „ზებრას“ კვეთდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს“ ,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსთან შეხვედრასა და არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვენ.

„ვაპროტესტებთ იმას, რასაც აპროტესტებს მთელი ქვეყანა. სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ. ჯერ პარლამენტმა ჩააგდო ის გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი ხელისუფლება აპიარებდა საერთაშორისო ასპარეზზე, რომ კი, გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მოგვატყუეს, გადაგვაგდეს. შემდეგ, გუშინ ჩვენი მეგობრები დაიჭირეს, არ უშვებენ. ახლა აქ თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალებას არ გვაძლევენ სრულიად უკანონოდ. აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. არ დავისვენებთ, სანამ ივანიშვილს არ დავასრულებთ“, – განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელმა.