სუს - სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
„აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები სამი პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სუს-ში.