სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, მის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„რაც განცხადებაც გავაკეთე, ეს იყო ემოციის ფონზე. ჩემს ადგილას სხვა მეტსაც იტყოდა. განცხადებიდან სამი თვის შემდეგ იმიტომ ხდება ჩემი დაბარება, რომ ყველანაირად ცდილობენ, რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ. ეს სამყარო ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდ აქ ვყოფილვარ და გინდ იქით”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტება გააკეთეს. როგორც სუს-ში აღნიშნეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული.
როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.
„საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა”, – განაცხადეს სუს-ში.
მალხაზ მაჩლიკაშვილმა 31 მაისს პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად ფიცი ჰქონდა დადებული, რომ სუს-ში მისულიყო და თავი აეფეთქებინა.
„მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, რომ მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩვენი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.