სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა
სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილს კითხვები ძირითადად მიმდინარე წლის 31 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს. ამის შესახებ გამოკითხვის შემდეგ, მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.

მაჩალიკაშვილის შეფასებით, მის მიმართ უსამართლო დევნა მიმდინარეობს.

„კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები, რაც მეორე დღეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ“, – განაცხადა მან.

ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რატომ მოხდა სუს-ში მისი დაბარება განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში.

„რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. გამომძიებლებისთვის აღნიშნული კითხვა არ დამისვამს. ჩემ წინააღმდეგ ყველაფერი უსამართლოდ არის, დევნაც და რაც არსებობს. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს, დამაკავებენ თუ არა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადვოკატ ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით, კითხვები სხვა პირებთან კავშირზეც დაისვა.

„კითხვები შეეხებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადების შინაარსს. განცხადებაში არავითარი მუქარის ნიშნები არ ჩანდა და იგივე დააფიქსირა მაჩალიკაშვილმა. კითხვები ეხებოდა გარკვეულ გარემოებებს, განზრახვას. როგორც განგვიმარტეს, მიმდინარეობს გამოძიება 18-323 მუხლით, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს, თუმცა ბუნებრივია, არ ვეთანხმებით ამ ფორმულირებას, დანაშაულის ნიშნები არ იყო. ამ ეტაპისთვის, ბრალის წარდგენაზე არ გაკეთებულა განცხადება. ჯერჯერობით, როგორც გვითხრეს, მეტი კითხვა არ აქვთ. გარკვეული კითხვები დაისვა სხვა პირებთან კავშირზე, თუმცა არავინ არსებობს სხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.