სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
„ამ ხელისუფლების ხელში ყველაფერია მოსალოდნელი“, – ასე უპასუხა მაჩალიკაშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა მისი დაკავება.
რაც შეეხება გამომძიებლების მიერ დასმული კითხვების შინაარსს, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ახალი კითხვები არ დასმულა.
„მიცემული ჩვენებების განმეორება იყო. არანაირი სიახლე არ არის. ისევ რჩება ძალაში ჩემი განცხადება, რომ მე ამ შენობაში აღარ ვაპირებ მოსვლას, რადგან არ მინდა, ამათ ჩემი გამასხარავება ყოველთვის გამოუვიდეთ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმე ეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მაჩალიკაშვილი უკვე მესამედ გამოიკითხა.
გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მის განცხადებასთან დაკავშირებითაც იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც იგი სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას აპირებდა.
პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლანმაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს დაკავებისას უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.