სუს-მა სამი პირი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მონაცემებში ჰაკერული გზით აღწევდნენ და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსს ავსებდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქეების სარგებლობაში არსებული „მეტრომანის“ ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას. გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე, დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება.
„ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი“, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.