სუს-მა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს, ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი, 400 ლარი წინასწარ გამოართვა“, – აცხადებენ სუს-ში.
დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომელია. ფაქტს ადასტურებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი.
ჯუღელის თქმით, დაკავებული საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელია.
„დაკავების შესახებ ინფორმაცია მივიღე ჩემი მოადგილისგან რომელიც შეესწრო ამ ფაქტს. ის არის ჩვენი თანამშრომელი – საბრძოლო დიდების მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და მუშაობს ხელშეკრულებით. ვფიქრობ, დაკავების ფაქტი მის სამსახურს არ უნდა უკავშირდებოდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვაჟა ჯუღელმა.
სუს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.