სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.
„გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას, შესაძლოა, გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.