სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.
სუს-ის ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.