სუს-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
„მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ ექვსი ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებული ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია მათი დაკავება და ველოდებით შემდგომ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
ამასთან, ანგარიშის წარდგენისას ალექსი ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის დასასრულ უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ცხრა მოქალაქე.
„საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელ სხვა აქტივობებს. საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი. მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშების ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულ უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.