სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია ადასტურებს, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავების გამო, ცხელი ხაზი გააქტიურდა.