სუს-ის ინფორმაციით, ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ცხოვრების უფლების მოპოვებას 1200-მდე პირი ცდილობდა
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი კვლავ მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში, კონტრდაზვერვით საქმიანობის შესახებ თავშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას.
„სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად“, – მითითებულია ანგარიშში.
უწყების ცნობით, სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს.
„ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არ იქნა შემოშვებული უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 48 პირი.