სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა.
„თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ბექა ხ. საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.