სუს-ის ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.