სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე დახურულ ფორმატში გაგრძელდება.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის თხოვნის შემდეგ მიიღეს.
„დიდი თხოვნა იქნება სხდომის თავმჯდომარეების მიმართ, დეპუტატების მიმართ, ვინაიდან კითხვები და მასზე გაცემული პასუხები, ყველა შემთხვევაში, იქნება საინტერესო არა მხოლოდ მოყვრისთვის, არამედ მტრისთვის. ჩემი თხოვნა იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩავატაროთ დახურულ ფორმატში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხების მოსმენა უმჯობესი იქნება, დახურულ ფორმატში მოხდეს.
„ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის საჯარო ნაწილი. ყოველთვის, როცა გვაქვს კომუნიკაცია, ვსაუბრობთ, რომ უწყებამ საზოგადოებასა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში და ის ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნების შესაძლებლობაც არსებობს. იმისათვის, რომ დეპუტატები მეტად ინფორმირებულნი იყვნენ საფრთხეების, გამოწვევების, რისკების შესახებ და მოხდეს გაანალიზება, მათ შორის გაიმართოს მსჯელობა უწყების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ამას ღიად ვერ შევძლებთ. მთავარია, ვიმსჯელოთ იმ ძირითად, ძალიან რთულ გამოწვევებზე, რაც არის რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.