სუს-ი - სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
„გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.