სუს-ი - სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ადრე არსებული მავთულხლართები შეცვალეს
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსი სამხედროები ძველ ღობეებს ახლით ცვლიან და ბოძებზე ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ისმის მძიმე ტექნიკის ხმა.