სუს-ი საქართველოსთვის „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებს ასახელებს
2019 წლის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოსთვის „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებს ასახელებს.
„კერძოდ, სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ რიგებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნება; ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ან/და ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა; ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობა; საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისთვის ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა; აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა.
საქართველოსთვის „თალიბანის“ მხრიდან მომდინარე საფრთხეები, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს „თალიბანის“ მიერ ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის ძალებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას.
აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2019 წლის დეკემბერში, ბაგრამის ავიაბაზაზე „თალიბანის“ მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა მსუბუქად დაშავდა ადგილზე მყოფი 5 ქართველი სამხედრო“,- აღნიშნულია ანგარიშში
დოკუმენტიში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო მხარდამჭერი ან/და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება.
„ამ მომენტისთვის სირიის ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს 15-მდე მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი განთავსებულია ქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ბანაკებში, ხოლო მცირე ნაწილი აგრძელებს სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში სირიაში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში შექმნილი უკონტროლო ვითარების, ასევე, ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გათვალისწინებით, ადგილზე დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.
2019 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.
მებრძოლთა მეუღლეებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების საკითხის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და ყველა შემთხვევას განიხილავს ინდივიდუალურად. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, სამსახური მხარს უჭერს აღნიშნული პირების მიმართ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მსგავსი მიდგომა დაფიქსირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაშიც“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.